2013-04-03

ცა ლილისფრად აწვიმს

ცა ლილისფრად აწვიმს უძინართა ქალაქს,
გულში დარდი წვება ნალექივით მძიმე,
შენ კი სიშორით და მარტოობით დაღლილს
ბავშვობის თბილ სახლის სიმშვიდეში გძინავს.
ახლა ყველა თარსი რიცხვის
მიტანს შიში-
მეცამეტე სიტყვის,
მეცამეტე სკამის-
(მეცამეტე ფინჯან ყავით ნერვებს ვიმშევ
და ფიქრებში შენზე დამფრთხალ ეჭვებს ვიკლავ).
განა მხოლოდ გფიქრობ-
მენატრები,
ისე...
ისე...…
როგორც მაშინ,
როცა შენი სუნთქვა
შემატოვე ყელთან. მე ვიდექი უხმოდ,
გნატრობდი და...
მაინც ვერაფერი ვერ ვთქვი...
ქუჩა ისევ ყვება დაუწერელ ამბავს,
უძინართა ქალაქს რომ ლილისფრად აზრობს
შუაღამის სურნელს შერეული სევდა...
და ჩემს აივანთან გაბზარული ზარით
ალუბლის სველ ტოტებს ჩამოტეხა ქარმა
ხის ცამეტი ჯვარი,
ცის ცამეტი ელვა,
ქვამარილი მუჭით ჩამოაფშვნა-
მიწას მოაბნია თეთრად,-
შენ რომ მშვიდად გევლო...
და შენ ალბათ დაღლილს გესიზმრება გზებთან
არეული ზღვები,
გადმოსული კბოდეს,
მე კი...
შენი ღამის უძინართა მზე ვარ
და შენს ნანატრ სხეულს მეათასედ ვცოდავ.

No comments:

Post a Comment